დახვეწილი, ელეგანტური, ქალური და ინდივიდუალური – ეს, თამუნა ინგოროყვას სტილია, რის გამოც ქალებისთვის ერთ-ერთ ფავორიტ დიზაინერად იქცა.
ამ ხელწერის მქონე ქართველ დიზაინერს, წლებია უკვე უცხოეთშიც იცნობენ. ბრენდი Tamuna Ingorokva მსოფლიო ცნობილ სახეებს შორის პოპულარობით სარგებლობს.
ლედი გაგას ინგოროყავს კოლექციიდან უკვე სამი კოსტიუმი აქვს. ბოლო, შავი მოკლე კაბა, ცნობილმა მომღერალმა, ქართული ბრენდის Ingorokva-ს 2019 წლის კოლექციიდან შეარჩია.
რამდენიმე ხნის წინ ქართველი დიზაინერის კაბით Victoria’s Secret-ის ერთ-ერთი ანგელოზი, ნიდერლანდელი მოდელი, დაუტცენ კრუსი გამოჩნდა.
თავისი მნიშვნელოვანი დღისთვის, საქორწინო კაბის შეკერვა კი მსოფლიოში ცნობილმა ტოპ-მოდელმა ედიტა ვილკევიჩუტემ დაუკვეთა.
ცნობილი მოდელის საქორწინო კაბაზე, მის მოთხოვნასა და ქართველი დედოფლების ახირებებზე თავად თამუნა ინგოროყვა გვიყვება.
თამუნა ინგოროყვა: როცა საქორწინო კაბას ქმნი, უნდა იყოს აბსოლუტურად მისი და რაღაც კონტაქტი აუცილებლად უნდა გაჩნდეს დამკვეთსა და დიზაინერს შორის, სხვანაირად კაბა იდეალური ვერ გამოვა. შეიძლება ძალიან ლამაზი კაბა ჩაიცვას დედოფალმა, მაგრამ „მისი“ არ იყოს, დისკომფორტი იგრძნოს, ვერ ისიამოვნოს… ამიტომ მარტო ლამაზი კაბა არ არის მთავარი. ამ ლამაზმა კაბამ ისე უნდა დაგმუხტოს, რომ შენც გაგალამაზოს.
– ამბობენ, თამუნა ინგოროყვა დედოფლების რჩეული დიზაინერიაო, ხშირად გაკითხავენ საქორწინო კაბების შესაქმნელად?
– პრინციპში, ხშირად… ძალიან ბევრი შეკვეთა გვაქვს უცხოეთიდანაც. ინტერესდებიან ამერიკიდან საფრანგეთიდან, იაპონიიდან. სპეციალურად მოფრინავენ თბილისში და ჩვენთან იმოსებიან. მათ შორისაა, როგორც უცხოეთში მცხოვრები ქართველები, ასევე უცხოელებიც.
-როგორც ვიცით უცხოელებს შორის იყო ცნობილი ტოპ-მოდელიც ედიტა ვილკევიჩუტე, როგორ გააკეთა არჩევანი თამუნა ინგოროყვაზე და რა განსაკუთრებული მოთხოვნა ჰქონდა?
-მიუხედავად იმისა, რომ ედიტა, ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი მოდელია, რომელიც ხშირად იბეჭდება ცნობილი ჟურნალების გარეკანზე, განსაკუთრებული და ვარსკვლავური მოთხოვნები არ ჰქონია. უნდოდა, უბრალოდ ჰაეროვანი ყოფილიყო და სადა. მისი კაბა ძალიან პოპულარული გახდა და უცხოელებიც ძალიან დაინტერესდნენ ამ მოდელით. გადაწყვეტილება კი ქეთევან გვარამაძის რჩევით მიიღო. ქეთევანს ახლო ურთიერთობა აქვს მსოფლიო მოდის წამყვან მოდელებთან. ის ედიტას ახლო მეგობარი და პირადი სტილისტიც გახლავთ. როცა ედიტამ გადაწყვიტა, ქორწილი ჰქონოდა, ქეთევანმა ჩემი კაბა ურჩია. მე და ქეთევანი უკვე წლებია ვმეგობრობთ და ერთად ვმუშაობთ. მერე უკვე სამივემ ერთად გადავწყვიტეთ, როგორი სტილის კაბა უნდა ჩაეცვა, კეთების პროცესში დეტალებიც დაიხვეწა, ასე შეიქმნა ედიტას კაბა. შემდეგ საქართველოში სამჯერ ჩამოვიდა, ერთხელ ჩემს ჩვენებაზეც იყო, სპეციალურად დავამთხვიეთ, რომ ჩვენებაზეც გამოსულიყო და თან კაბის მოსინჯვებიც ჰქონოდა.
– ქართველ დედოფლებს რა მოთხოვნები და ახირებები აქვთ კაბის შეკერვისას?
– ძალიან განსხვავებული, ყველას ინდივიდუალური და თავისებური, როგორი ადამიანიც არის, ისეთი მოთხოვნა აქვს. როცა კაბას ქმნი, ყურადღება ექცევა დედოფლის ხასიათს, სტილისტიკას, სხეულის თითოეული დეტალს მის გემოვნება…
უცხოეთში მცხოვრები, ქართველი დედოფლები ბევრად უფრო უპრეტენზიოები არიან და თვალდახუჭულნი გვენდობიან. იმ შემთხვევაში კი, როცა ჩემს საქმეში არ ერევიან, უფრო მეტი პასუხისმგებლობა მაქვს და კაბაც ზუსტად ისეთი გამოდის, როგორიც უნდა იყოს.
რა, თქმა უნდა, აქვთ ხოლმე ახირებები და თავიანთი მოთხოვნები, მითუმეტეს პატარძალი როცა არის და მისთვის მნიშვნელოვანი დღეა, ძალიან ბევრი რამ უტრიალებს თავში, თან პანიკა აქვს, თან რაღაცის ეშინია… თუ ვხვდები რომ იდეა, რაც მას აქვს, არ მოუხდება, ვცდილობ დელიკატურად და მშვიდად ვაჩვენო უკეთესი ვარიანტი და მერე წყნარად გავაგრძელო მუშაობა.
არის ხოლმე შემთხვევაც, როცა კონტაქტი არ არის პატარძალსა და ჩემს შორის და ვიცი, რაც არ უნდა გავაკეთო კაბას ვერ გავუკეთებ… ამ შემთხვევაში უარს ვეუბნები და ვუშვებ… ეს ისეთი პროცესია, რომ სხვა ენერგეტიკით უნდა დაიმუხტო, რადგან ეს არ არის მხოლოდ ჩემი კაბა, ეს არის იმ ადამიანის კაბა, ვისაც ყველაზე მნიშვნელოვანი დღე აქვს ცხოვრებაში და ჩემი ხელშეწყობით უნდა იყოს ყველაზე ლამაზი. მე ამაში მთელ ჩემს ენერგიას ვდებ და მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ჩემთან ყოფნის პერიოდში ფსიქოლოგიურად, ქალურად, პროფესიონალურად, დიზაინერულად, ყველანაირად გვერდში დავუდგე.
– ქსოვილსა და კაბის ფერებს თავად ირჩევენ თუ ერთად და რა მასალით მუშაობთ?
– აქაც ნდობაა მთავარი ფაქტორი… ხან ერთად ვარჩევთ, ხან ბოლომდე მენდობიან. მასალებისხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოგვაქვს – საფრანგეთი, იტალია, იაპონია… იმიტომ, რომ ის რა მასალაც ჩვენ გვჭირდება საქართველოში არ არის. საქორწინო კაბებისთვის ძაფიც კი შემოგვაქვს საქართველოში, რადგან ძალიან ნაზი და ძალიან მყარი ძაფი სჭირდება. მაგრამ თუ ორ მეტრამდე ნაჭერი დაგვჭირდა, თბილისის მაღაზიებსაც ვაკითხავთ. ძირითადად აბრეშუმზე ვმუშაობ, ასევე შიფონი, ორგანზა, კრეტი…
რაც შეეხება ფერებს, რბილი ფერი არის აქტუალური, – კრემისფერივით.
– როგორ და რით უნდა გამოვარჩიოთ თამუნა ინგოროყვას სადედოფლო კაბა?
– ყველა კაბა, რომელიც პატარძლისთვის იქმნება, არის არა მარტო მის სხეულზე, არამედ მის ხასიათზეც მორგებული… ყველა დეტალია მასში ჩაქსოვილი. ეს არ არის მარტო კაბა, თითოეული ძალიან ინდივიდუალურია, ეს არის იმ ადამიანის კაბა, რომელსაც ეს კაბა ეკუთვნის.
– რა რჩევას მისცემთ მომავალ დედოფლებს?
– მთავარია ყურადღება მიაქციონ შინაგან ხმას. რაც შეიძლება მეტად ენდონ საკუთარ ინტუიციას, იყვნენ თავიანთ თავში დარწმუნებულები და იმ გადაწყვეტილებას სცენ პატივი, რომელსაც მიიღებენ.