ლაშა ჯოხაძე: „საქორწინო კაბაზე მუშაობა შემოქმედებაა“
ავტორი ექსკლუზიური ხელწერით – ასე ახასიათებენ დიზაინერს, რომელმაც აღიარება უმოკლეს დროში მოიპოვა და მალევე, რამდენიმე მეგაპროექტის დიზაინერი გახდა, მათ შორის იყო -„ცეკვავენ ვარსკვლავები“, „The Voice საქართველო“, „ერთი ერთში“ და „ორი ვარსკვლავი“. 2017 წელს კი ევროვიზიისთვის, თაკო გაჩეჩილაძის კაბის შექმნაზეც იზრუნა.
დღეს, ლაშა ჯოხაძის კოსტიუმებით ბევრი ვარსკვლავი იწონებს თავს. მათთვის ყოველი მნიშვნელოვანი ღონისძიებისთვის მზადება დიზაინერთან ზარით იწყება. მის მიერ შექმნილი სამოსი ქალური, პომპეზური და თვალშისაცემია. ალბათ, ამიტომაც აკითხავს უამრავი გოგონა საქორწინო კაბის შესაქმნელად სწორედ მას.
ლაშა ჯოხაძე: საქორწინო კაბის შექმნისას ყველაზე მნიშვნელოვანი დედოფალი და მისი სურვილებია. დიზაინერი ყველაფერს ერთპიროვნულად არ წყვეტს. თუმცა, არის შემთხვევები, როცა ბოლომდე გენდობიან და ბედნიერები მიდიან…
ბევრმა ზუსტად არ იცის რა უხდება, რა შტრიხები გამოკვეთს მის ხასიათს, განწყობას, სხეულს… შეიძლება ბავშვობის ნოსტალგია ჰქონდეს და გითხრას, პრინცესული კაბა მინდა, რომელიღაც ფილმიდანო და ეს, საერთოდ არ იყოს მისი… აქ, უკვე ვცდილობ ჩემი ნიუანსები შევიტანო, სხვა დეტალები შევთავაზო და ისეთი გავხადო, რომ მასაც მოეწონოს და ჩემთვისაც მოსაწონი იყოს… იმიტომ რომ, ბოლოს, მაინც დიზაინერის სახელთან მივდივართ. როდესაც ჰკითხავენ, რომელი დიზაინერის კაბა გაცვიაო, ამაყად უნდა თქვას და მეც არ უნდა შემრცხვეს იმის, რომ სადღაც, ვიღაც ჩემს სახელსა და გვარს გაიგებს.
– თუ არ დაეთანხმა იმ ვარიანტებს, რომელსაც სთავაზობთ და გააპროტესტა?
– ერთი ადამიანი მახსენდება, ვერ ჩამოყალიბდა… ჯერ უნდოდა კაბას ცისფერი ელფერი ჰქონოდა, მერე უცებ გადაწყვიტა, რომ ვარდისფერი ელფერით ყოფილიყო…. ყოველ მოსვლაზე აბსოლუტურად სულ სხვა რაღაც უნდოდა, პროცესში ბევრ რამეს ცვლიდა და თან ისე, რომ ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელი იყო.
ბოლოს, იმდენი ხანი ვაკეთეთ ექსპერიმენტები, რომ მივხვდი, ძალიან ცუდად დავამთავრებდით ურთიერთობას. ამიტომ, ნახევარად გაკეთებული კაბა დავკეცეთ და გავატანეთ, არ დავასრულეთ, არ ჰქონდა აზრი. ის კაბა, რაც მას სურდა, არ მინდოდა აქედან გასულიყო. რადგან მე ამირჩიე, რაღაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინო, ამიტომაც მოხვედი, ხომ ჩემთან?!
აი, ეს მომენტებია ძალიან რთული, როდესაც შენც არ გენდობა თუ ვერ გენდობა, არ ვიცი რა დავარქვა ამას და თვითონაც არ იცის რა უნდა.
–მუშაობისას რა სირთულეს აწყდებით ხოლმე?
საქორწინო სამზადისში ყველაზე აღელვებულია დედოფალი, იმდენ ნიუანსზე ფიქრობს, იმდენ რამეზე უწევს ნერვიულობა… მათ შორის კაბა ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია მისთვის. თავიდან არის ძალიან დიდი ღელვა… ყველას თავისებურად უნდა მიუდგე. აქ ფსიქოლოგიური მომენტებიც ერთვება ხოლმე, ბევრს ვუსმენ, ბევრ ვარიანტს განვიხილავთ და მერე ვაჯერებ, რომ ეს არის მისი და, სხვათა შორის, გამომდის კიდეც. შეიძლება ამ შემთხვევაში სამუშაო გაცილებით მეტია და რთული, მაგრამ მიღირს. მთავარია სიმართლე უთხრა. არასოდეს უნდა მოატყუო ადამიანი, ამ საკითხში განსაკუთრებით. არც ძალით არ უნდა გადმოქაჩო შენსკენ, რადგან ფინალში მაინც უკმაყოფილო დარჩება, იმას ვერ მიიღებს, რაც მას სურდა. ამიტომ შედეგამდე ერთობლივად მისვლაა საჭირო. მის სურვილებს აუცილებლად უნდა მიჰყვე და შიგადაშიგ შენით შეაზავო… ბოლოს, ამბობენ,– იმაზე მეტი მივიღეთ, ვიდრე ველოდითო და ეს მიხარია ძალიან.
– კმაყოფილი დედოფლების გამოხმაურებები თუ გახსოვთ?
– ძალიან ბევრი, ერთი თვეც კი გაგრძელებულა მიმოწერა – „რა მაგარი იყო“… „ფურორი მოახდინა“… „ყველა კითხულობდა ვისია“… ქორწილშიც დავუპატიჟებივარ… პროცესია ისეთი, სხვანაირი, ახლო ურთიერთობა ყალიბდება… ვმეგობრდებით… ეს არ არის მხოლოდ დავხატეთ და შეიკერა. საქორწინო კაბაზე მუშაობა შემოქმედებაა…
– რამდენ ხანში იქმნება საქორწინო კაბა?
– გააჩნია ადამიანს, კაბის სირთულეს და ა.შ.. იყო ასეთი შემთხვევა, – საღამოს წყვილი მოვიდა, ხვალ ჯვარს ვიწერთო. სასურველი ქსოვილიც გვქონდა და მეორე დღისთვის ზუსტად ისეთი კაბა შევკერეთ, როგორიც დედოფალს სურდა.
ერთ პატარძალს კი იმდენად დიდი შიში ჰქონდა, რომ ძალიან ადრე დაიჭირა თადარიგი. ის კაბაც მალე გავაკეთეთ. ქორწილის დღეს წავიღებო, – გვითხრა და სადღაც, თვე-ნახევარი ეკიდა ჩვენთან. მაქსიმალურად მოკლე დროში ვაკეთებთ, ყველაზე ბევრი 2-3 კვირა დაგვჭირდეს. ერთი ამოსუნთქვით გაკეთებული ბევრად უკეთესია შენთვისაც და მისთვისაც. არ უნდა მოაბეზრო ადამიანს კაბა, რომელიც მის ყველაზე ბედნიერ დღეს უკავშირდება.
– რა ფერებს ანიჭებთ უპირატესობას და რა ქსოვილს იყენებთ?
– კატეგორიულად და ძალიან არ მიყვარს ქათქათა თეთრი ფერი. უფრო თბილი ტონები მომწონს – სპილოსძვლისფერი, კარამელისფერი, რძისფერი. სხვათა შორის, მასობრივად არ არიან გოგოები ქათქათა თეთრის მომხრეები.
ქსოვილებს ძირითადად აქაურ ბაზარზე ვყიდულობთ, რადგან ძალიან ძვირი ჯდება და ყველა მაინც ცდილობს, რომ შეღავათიან ფასებში გამოვიდეს ყველაფერი. ბევრი ხარჯი აქვს ქორწილს, თავისი გაფორმებით და ბევრი ნიუანსით. წასვლა, ჩამოტანა, განბაჟება… უფრო სხვა მასშტაბებზე გადის თანხის თვალსაზრისით, ამიტომ მაქსიმალურად აქ ნაყიდი ქსოვილით ვაკეთებთ, ოღონდ ზემოდან ზოგი იქარგება და სულ სხვა ფაქტურა იქმნება… ავიღეთ რაღაც კონკრეტული ქსოვილი და შევკერეთ, ასე არ არის, ყველაფერი ხელნაკეთია.
–რა ღირს ლაშა ჯოხაძესთან საქორწინო კაბის შეკერვა?
–ძალიან მაგარი კაბა, ისეთ ფასად გაგვიკეთებია, რომ ბევრი გაკვირვებული დარჩენილა. როცა შემიდარებია, ზუსტად ისეთივე ტიპის კაბა ვერსაჩეს ან დიორს რომ გაეკეთებინა, ძალიან დიდი თანხა ეღირებოდა. ჩვენ შეგვიქმნია 1000 დოლარად, 1500-ად, 2000-ად, 4 000-ს არ ასცდენია. 1000 ლარადაც შემიკერავს… გააჩნია დამკვეთს, ზოგი თვითღირებულებაშიც ჩაგვისვამს. ისეთი განწყობით და სურვილით მოსულა, იმის გამო, რომ შესაბამისი თანხა არ ჰქონდა, უკან ვერ გავაბრუნებდი. საკმაოდ ბევრჯერ გამიწევია ანგარიში ამ სიტუაციისთვის… ჩემთვის, მთავარი გათვლა თანხა არასოდეს ყოფილა.
– რა რჩევას მისცემდით გოგონებს, რომლებიც ახლა საქორწინო კაბასა და დიზაინერის შერჩევაზე ფიქრობენ?
– თუ მიდიან კონკრეტულ დიზაინერთან, იციან და ენდობიან, ბოლომდე ენდონ, ამ შემთხვევაში შედეგი გაცილებით მაგარი გამოდის. როდესაც ბოლომდე ვიღებ ჩემს თავზე პასუხისმგებლობას, მაქსიმალურად ვხარჯავ ენერგიას, რომ მაქსიმალურად კარგი გავაკეთო… როგორც კი სხვები ერევიან და ორასი კაცი თავის აზრს აფრქვევს, დუნდები. თავისუფალი ბევრად მაგარ შედეგს ვიღებ, ვიდრე მაშინ, როცა მბოჭავენ.
– რით გამოირჩევა თქვენ მიერ შექმნილი კაბები?
– მასშტაბურზე და პომპეზურზე მაქვს ყოველთვის მოთხოვნილება. შეიძლება ჩემი შინაგანი ფარული ამბიციაც ის არის, რომ სულ ყურადღების ცენტრში იყოს, სულ ჩანდეს.
– დღეს როგორი საქორწინო კაბებია მოდური?
– ერთი პერიოდი იყო ძალიან გაშლილი, ახლა უფრო ტანზე მომდგარი. თუმცა, მოდაში რაც არ უნდა იყოს, ვფიქრობ, რომ ყველაფერი მაინც ინდივიდუალურია. ის, რაც მოდაშია შეიძლება იმ კონკრეტულ ადამიანს არ მოუხდეს. ამიტომ ყველაფრის კეთება იმ კონკრეტული ადამიანიდან გამომდინარე გიწევს.
– თავად რომელი წამყვანი დიზაინერის საქორწინო კაბები მოგწონთ?
–ჩემთან ძალიან ახლოს არის ელი სააბი, ზუჰაირ მურადი, ასევე მაკქვინი, მარჯიელა … ძალიან ბევრი დიზაინერია, რომელთა კოსტიუმების დიდი თაყვანისმცემელი ვარ, დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი მათთან… ვხვდები მუშაობის როგორი სტილიც ექნებათ, სხვა შესაძლებლობებია, სხვა ტექნოლოგიები, რასაც გინდა იმას გააკეთებ… თუ ოცნებას დავარქმევდი, ეს არის ჩემი ოცნება. ვფიქრობ, ამ სამყაროში მიუღწეველი არაფერია. რაღაც მომენტებში ადამიანები ისეთ სიტუაციებში ვვარდებით, რომ წარმოუდგენელიც შეიძლება რეალური გახდეს.
დეა თავბერიძე