ექსკლუზიური ამბები AVTANDIL-ის სახელოსნოდან – „ადამიანებს ვარჩევ ენერგეტიკით, ძალიან რთულია მიაღწიო იქამდე, რომ კაბა მე შეგიკერო“
ავთანდილ ცქვიტინიძე: „ადამიანი ვინც აირჩიე, რომ შენ გვერდით იყოს,
მთავარია აღმოჩნდეს ისეთი, როგორიც შენ გინდა და აუცილებლად გამოვა კაბაც, ცხოვრებაც და აბსოლუტურად ყველაფერი…“
რა დეტალებს ითვალისწინებს ყველა დროის ყველაზე ცნობილი და მოთხოვნადი დიზაინერი საქორწინო კაბის შექმნისას, რას ექცევა განსაკუთრებული ყურადღება და როგორია წესები, რომელიც ავთანდილთან მისულმა სადედოფლომ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს?
ყველა ქალისთვის მნიშვნელოვანი დღის საოცნებო კაბებზე თავად ავთანდილი მოგითხრობთ, მისგანვე მიიღებთ საჭირო რჩევებს, რომელიც წყვილის ბედნიერი მომავლისთვის აუცილებელია.
– რა არის მთავარი, როდესაც ავთანდილი სადედოფლო კაბას ქმნის?
– პირველ რიგში, აბსოლუტურად ყურადღებით უნდა მოუსმინო დედოფლის ოცნებას კაბაზე. მერე, ეს ოცნება თვალით უნდა მოარგო და რეალიზება გაუკეთო. უნდა გაითვალისწინო მისი ხასიათი, ვიზუალი, როგორი ტიპის ქორწილი იქნება, სად ტარდება ეს ქორწილი – დახურულ შენობაში თუ ღია სივრცეში… მხოლოდ ახალგაზრდული იქნება, თუ ყველასთვის, სოცრად ბევრი სტუმარი თუ ჩამოდის სხვადასხვა ქვეყნიდან… თავიდან ამ ყველაფერზე მუშაობ, შემდეგ კი ესკიზების კეთებას იწყებ და მის ოცნებას შენებურ რეალიზებას უკეთებ.
როცა წინასწარ ხედავ როგორ იქნება მისი ვიზუალი მომგებიანი და ამას სწორად აწვდი, ყოველთვის გეთანხმებიან. შედეგად ეს უნდა იყოს კაბა, რომელიც იმაზე გაცილებით უკეთესი ვერსია იქნება, რაც მას უნდოდა. სიმართლე გითხრათ, ჩემთან მომზადებული ადამიანები მოდიან, იციან სად მიდიან, იციან, რომ თანხის დიდ წილს, სიმშვიდეში იხდიან, მე არასდროს ვანერვიულებ დედოფალს. თუმცა, მაქვს ჩემი წესებიც.
– როგორია წესები, რომელიც ავთანდილთან მოსულმა სადედოფლომ უნდა გაითვალისწინოს?
– ამ წესებს თითოეულს თავიდანვე ვაცნობ, თუმცა, უმეტესობამ ისედაც იცის, რომ ჩაზომების პროცესს არ უნდა ესწრებოდეს სხვადასხვა ადამიანი. ეს არღვევს იმ ჰარმონიას, რაც დიზაინერსა და კონკრეტულ ადამიანს შორის არის. წარმოიდგინეთ, ერთ დღეს მოვიდა დედა, მეორე დღეს დაქალი, მესამე დღეს მეორე დაქალი, მერე მული, მერე ჩაერთო დედამთილი… ანუ რამდენის აზრი უნდა გაითვალისწინოს დედოფალმა, რომელიც ისედაც გადაჭედილია თავისი ამბით და საფიქრალით.
თუ შენ და შენმა საახლობლომ ზედმიწევნით კარგად იცით კონკრეტულად რა გინდა, უნდა წახვიდე მკერავთან, ხოლო თუ დიზაინერს ირჩევ, რომლის შემოქმედებაც შესწავლილი გაქვს, გარკვეული იდეით ხარ მოსული და პროფესიონალთან გინდა ამის რეალიზება, მას უნდა ენდო. რადგან მე ვერ გავაკეთებ ცუდ კაბას. ჯერ ერთი ეს არ შემიძლია, და ასევე ვერ გავიფუჭებ ვერც სახელს და ვერც მდგომარეობას… ინდივიდუალურად იმუშაო ადამიანზე, ეს ძალიან დიდი სიამოვნებაა, რაც საკმაოდ შევამცირე. ჩემთან კერვა უკვე კლუბურ დონეზე დავიდა, აღარ ვიხარჯები ბევრი ადამიანისთვის. დღეს მე ვირჩევ ადამიანებს…
– რის მიხედვით ირჩევთ?
– ენერგეტიკის, დროის მიხედვით, ინტელექტით… დედოფლებსაც ასე ვირჩევ… ძალიან რთულია მიაღწიო იქამდე, რომ კაბა მე შეგიკერო. ზოგადად, ტიპაჟი ვარ ასეთი. თუ მე ვერ ვიჭერ „კაიფს“ ამ ყველაფრით და მოცემულობა არ მანთებს ე.ი. გამოდის, რომ არ ვარ გულწრფელი. თუ გულწრფელი არ ვარ, უემოციო საქმის გაკეთებას ჯობს საერთოდ არ გააკეთო. ყველაფერი ფულზე არ არის დამოკიდებული.
–არც მაშინ, როდესაც ძალიან დიდ თანხას იხდიან?
–თუ ენერგეტიკულად ვერ მივიღე, არც მაშინ… არ ვიქნები გულწრფელი და, უბრალოდ, ვერ გავაკეთებ.
– რა ღირს ყველაზე ძვირადღირებული სადედოფლო კაბა ავთანდილთან?
– ასე, ფასებზე პრესაში არ ვლაპარაკობ, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ არიან ადამიანები, რომლებიც სპეციალურად დაფრინავენ უცხოეთიდან ჩაზომვებზეც კი… ისინი, რომლებიც ბავშვობიდან ოცნებობდნენ ჩემთან კაბის შეკერვაზე და ახლა სხვა ქვეყანაში ცხოვრობენ.
– რომელ ქვეყანაში წარმოებული ქსოვილით იკერება კაბა და რა ფერებს ენიჭება უპირატესობა?
– ქსოვილს ძირითადად საფრანგეთში ვყიდულობთ. პირველ ხაზს და კლიენტურას ვემსახურებით ლუქსი ქსოვილებით, რასაც მსოფლიოს წამყვანი ბრენდები იყენებენ, მეორე ხაზს კი, თურქეთიდან და იტალიიდან შემოტანილი მასალით… რაც შეეხება ფერებს, საქორწინო კაბები არის სპილოსძვლისფერი და ძალიან იშვიათად ქათქათა თეთრი, მე, ძირითადად, ამ ორ ტონალობაზე ვმუშაობ, იმიტომ რომ, ეს ნათელი დღეა და პირდაპირი კავშირი უნდა იყოს ზეცასთან, სხვა ფერი ამას ვერ „ქაჩავს“. ერთადერთხელ, წლების წინ, ვიმუშავე წითელ კაბაზე, ოღონდ ესეც დედოფლის მოთხოვნით.
– ხშირად მოსულან გოგონები სხვადასხვა ახირებებით?
– ყველას აქვს რაღაც ახირება. მთავარია, რომ მიდგომა იცოდე. გამოცდილებიდან გამომდინარე, უკვე გამარჯობის შემდეგ ვხვდები თუ რა ტიპაჟთან მაქვს საქმე, ეს საქმისთვის იდეალურია, ისე აღარ წვალობ, როგორც 25 წლის ასაკში წვალობდი.
– მუშაობისას ყველაზე დიდ სიამოვნებას რა განიჭებთ?
– ყველაზე მაგარი „კაიფი“ როდის არის იცით? პირველ ჩაზომებაზე რომ ბოლომდე ვერ აცნობიერებენ და რაღაცნაირად ცქმუტავენ, თან ხვდებიან, რომ რაღაც კარგი გამოდის, მაგრამ ბოლომდე ვერა. მეორე-მესამე ეტაპზე კაბაც იცვლება და განწყობაც და ბოლოს, გახდა რომ აღარ უნდათ კაბის. ეს ძალიან დიდი „კაიფია“ და როცა ამას ყოველთვის აღწევ, ისეთი რაღაც ბრუნავს შიგნით, რომ ვერაფერს შეადარებ ასეთი ტიპის გრძნობებს.
– რა შეგრძნება დაგეუფლათ, როდესაც მსოფლიო ვარსკვლავი, ლედი გაგა, ლიონელ რიჩის კონცერტზე ავთანდილის კაბაში გამოწყობილი მივიდა?
– ეს კაბა ლედი გაგამ 2018 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციიდან აარჩია. ასევე მოხდა მერი ჯეი ბლაიჯის შემთხვევაშიც. მე, პირადად, განსაკუთრებულად სახელოვანი ადამიანებისთვის კაბა არ შემიქმნია. თუმცა, ჯერ კიდევ წინ არის ყველაფერი… რომ ვთქვა, ეს ჩემი იდეაფიქსია-თქო, მოგატყუებთ. თუმცა, სულელი უნდა იყო, რომ ეს ფაქტი არ გესიამოვნოს. მაგრამ, ლედი გაგას რომ აცვია, იმიტომ არ იცმევს ჩემი მომხმარებელი ჩემს შექმნილს. AVTANDIL-ი უკვე თაობებს მოჰყვება… მშობლიდან შვილზე, ვიღაც უკვე ბებიაა, დღეს შვილიშვილი მოჰყავს და ყიდულობს. რაც მთავარია, შვილიშვილს მოსწონს და არ უპროტესტებს.
აქედან გამომდინარე, მოცემულობა არის ასეთი – გაიზარდე ხალხის წინაშე, ამ ადამიანებმა გაღიარეს, ფეხზე დაგაყენეს, საბოლოო ჯამში, ხომ მყიდველამდე მიდის ეს ყველაფერი და მინდა მადლიერი ვიყო. მადლიერება გამოიხატება გულწრფელობაში შექმნის დროს, თანხის დარეგულირებისას, ყველაფერი ხომ ბრუნავს და შენც ამ სახითვე გიბრუნდება შენ, შენს ოჯახს, შენს შვილს… ჩემთვის მნიშვნელოვანია ჩემს მომხმარებელს მოვწონდე, ეს ასეა, როდესაც შენს თავთან იღვწი ეტაპობრივად და შენს შინაგან მეს უსმენ. თუ ამაში არ ჩადებ იმ სიყვარულს, რასაც თავიდანვე აკეთებდი და გადახვალ მარტო მარკეტინგზე, აუცილებლად სადღაც გაიჭედები. არასდროს უნდა მოკლა ის პატარა ბავშვი შენში, რომელიც ანთებული თვალებით რაღაცას აკეთებს.
– როგორც ამბობენ, ყოველ ნივთს თუ სამოსს შემქმნელის ენერგიაც მიჰყვება თან…
–რა თქმა უნდა… აუცილებლად კარგი აურა უნდა გაატანო და კარგი განწყობით უნდა შექმნა. ამიტომ, როცა მაქვს დატვირთული ფრენები, როცა ვაკეთებ ახალ კოლექციას, როცა ვნერვიულობ რამეზე, როცა არ მაქვს დრო და უნდა ვანერვიულო სხვაც, რომ ბოლომდე აეწყოს ჩემს დროზე, არ ვიღებ შეკვეთას. ამან ნელ-ნელა გამოიწვია ამ წრის დავიწროება.
– რით გამოირჩევა ავთანდილის საქორწინო კაბა, რა ხელწერით?
– ქსოვილის ფაქტურების ერთმანეთთან შერევით. მიყვარს რამდენიმე ფაქტურით მუშაობა – შიფონის, ტაფტის, ბამბის ქსოვილის სინთეზი, შეიძლება სპეციალურად გამოიყენო აბრეშუმით გაკეთებული ყვავილები ან ორგანზა… და მთავარი, – აუცილებლად არის ქალური… დანარჩენი უკვე დედოფლის ხასიათზეა დამოკიდებული, თუ როგორი ტიპაჟია შინაგანად და ვიზუალურად, ანუ ამ დედოფლის უკეთესი ვერსია უნდა იყოს წარმოდგენილი, ოღონდ ეს კაბა აუცილებლად უნდა იყოს მისი. ამიტომ არის დიზაინერთან ინდივიდუალური მუშაობა კარგი.
– როგორც ვიცი, საკუთარი ქორწილის მთავარი დიზაინერი თქვენ იყავით და მეუღლის კაბაზეც თავადვე იმუშავეთ.
–კი, ძალიან ბაცი მარგალიტისფერი და ბაცივე ვარდისფერი გამოვიყენე. ზოგადად, ეს კაბა ძალიან ჰგავდა ნიჟარაში ჩადებულ დიდ მარგალიტს. იდეაც ეს იყო, ვარდისფერის, წყლისფერის და სპილოსძვლისფერის ერთმანთთან კავშირი. ტრანსფორმირებული კაბა იყო, რამდენიმე ვერსიით და დადებითი მუხტით გაკეთებული.
– რა რჩევას მისცემდით პატარძლებს?
– ოცნებას უნდა მიჰყვნენ… ადამიანი, ვინც აირჩიე, რომ შენ გვერდით იყოს, მთავარია აღმოჩნდეს ისეთი, როგორიც შენ გინდა და აუცილებლად გამოვა კაბაც, ცხოვრებაც და აბსოლუტურად ყველაფერი… წყვილი ყოველთვის უნდა ეცადოს, რომ თანაბრად გაიზარდოს, თუ ეს ასე არ ხდება, ერთი რჩება სადღაც და მეორე მიდის… იქ ურთიერთობა სათანადოდ ვერ ლაგდება… ეს არ უნდა დაუშვან.
დეა თავბერიძე