სუნამო, რომელიც ბედნიერი დღის მოგონებას ინახავს
როგორი უნდა იყოს თქვენი ცხოვრების ყველაზე დასამახსოვრებელი დღის, ქორწილის სურნელი? რომელ არომატს ანიჭებენ უპირატესობას დედოფლები და არსებობს, თუ არა სუნამო სპეციალურად ამ დღისთვის? ჟურნალ beBride -ს სტუმარია „ისი პარის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ცნობილი პიარ-მენეჯერი ხატია შამუგია.
ხატია შამუგია: საქორწინო სურნელი – ეს ისეთი სურნელია, რომელიც ყოველთვის შენს ყველაზე ლამაზ და ყველაზე ბედნიერ დღეს უნდა გახსენებდეს. საკუთარ ქორწილში ყველაზე ლამაზი და ბედნიერი ხარ, ამიტომ სუნამოც ყოველთვის ამ მოგონებასთან უნდა გაკავშირებდეს. ხომ არის რამდენიმე სუნამო, რომელიც ამოჩემებული გაქვს და პერიოდულად უბრუნდები, ასეთია, ჩემი აზრით საქორწინო სურნელიც.
– როგორ უნდა შეარჩიოს დედოფალმა ქორწილისთვის სუნამო?
– ბევრი დედოფალი სუნამოს, ქორწილისთვის სპეციალურად არ არჩევს, იმ პერიოდისთვის ყველაზე მეტად რომელი სუნამოც მოსწონს, ქორწილშიც იმას იპკურებს, მაგრამ მერე ის მუდამ მასთან რჩება, როგორც ყველაზე ტკბილი მოგონება. საქორწინო სურნელი ისეთივე ჰაეროვანი, ნაზი და სადედოფლო უნდა იყოს, როგორიც პატარძალი არის იმ დღეს, განსაკუთრებული და მეუღლისთვის მიმზიდველი…
თუ განვაზოგადებთ, ვფიქრობ, რომ დედოფალს ყველაზე მეტად „ელი სააბის“ არომატი მოუხდება. „ელი სააბი“ ხომ საქორწინო კაბებში ყველაზე სასურველი დიზაინერია, რომლის კაბაც ყველა გოგონას ოცნებაა, აქედან გამომდინარე ერთ–ერთი ფავორიტი „ელი სააბის“ სუნამოა. ასევე ძალიან პრინცესულია ნინა რიჩის „ნინაც“. თუმცა, სუნამო იმდენად ინდივიდუალურია, შეიძლება პატარძალს ეს პრინცესული არომატი საერთოდ არ მოსწონდეს… ეს იმდენად შენს კომფორტზე მუშაობს და იმდენად შენთვის არის შექმნილი, ვერასოდეს ვერავინ გიკარნახებს, უბრლოდ უნდა მოირგო.
– საქართველოში, სუნამოების ყველაზე ცნობილი ექსპერტი, რომელ არომატზე შეაჩერებდა არჩევანს დედოფალი რომ იყოს?
– მე ამჯერად ყველაზე ძალიან მომწონს, ჰერმესის კოლექციიდან Ambre Narguille, ეს არის ჩემი ერთ–ერთი ყველაზე სასურველი და საყვარელი სუნამო, ის, რაც კოლექციაში სულ უნდა მქონდეს. ასევე ძალიან მომწონს „ბარბერის“ My და გერლენის Mon Guerlain, – ესენია დღეს ჩემი რჩეული არომატები.
– მამაკაცის საქორწინო არომატებზე რას გვეტყვით?
– მამაკაცის სუნამოც უნდა იყოს ძალიან მიმზიდველი, მამაკაცური და დასამახსოვრებელი, ისეთი არომატი, რომელიც მამაკაცსაც ამ ბედნიერ წუთებს მუდამ გაახსენებს.
მამაკაცების არომატებში ყველაზე ძალიან მომწონს, – „არმანის“ Stronger With You-Intensely და Zadic & Wolter For Him. ვისურვებდი, რომ ჩემი საყვარელი მამაკაცი ქორწილში ამ არომატით იყოს, თუმცა, ისევ ვამბობ, გემოვნება ისეთი რამ არის, რომ ამ კუთხით ვერავის ვერაფერს დაუგეგმავ.
– შემოდგომის სეზონის ჰიტი რომელია?
– ამ სეზონის ერთ–ერთი ჰიტია „ჰერმესის“ ძალიან საინტერესო არომატი – TWILLY D’ HERMES EAU POIVRE, რომელიც ძალიან თანამედროვე ფერადი, აქტიური და ენერგიული გოგონებისთვის არის განკუთვნილი.
ასევე სიახლეა LANCOME IDOLE. ეს არის ძალიან სერიოზული ახალი სიტყვა “ლანკომის” ისტორიაში, რაც ძალიან სადედოფლო და პრინცესულია.სადედოფლო არომატთან კიდევ ერთი არომატი – „ბულგარის“ „რომაული ღამე“ – Roman night ასოცირდება.
თუმცა ისევ განვმეორდები, როცა ვსაუბრობთ საქორწინო სურნელზე, რჩევის მიცემა რთულია, რადგან სუნამო ძალიან პირადია, ძალიან ინდივიდუალური. საქორწინო სურნელი ყოველთვის რჩება ადამიანის მეხსიერებაში, როგორც ბედნიერი დღის წარუშლელი მოგონება. სუნამოს აქვს არაჩვეულებრივი თვისება, ის მოგონებებს ინახავს!